მიკროავტობუსებში რადიომაუწყებლობის აკრძალვას თბილისის მერია ეთანხმება და ემიჯნება კიდეც

10 ივნისი, 2012

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართ გამოგზვანილ წერილში, ქალაქ თბილისის მერია დედაქალაქის მიკროავტობუსებში რადიოგავრცელების აკრძალვას საკუთარი პასუხისმგებლობის საკითხად არ განიხილავს და მიღებული გადაწყვეტილებით შეზღუდული გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება სახელმწიფოს ვალდებულებად მიაჩნია. თბილისის მერიის განმარტებით, სამგზავრო გადაყვანისას, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში რადიომაუწყებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არა მერიის მხრიდან, არამედ კონკურსში გამარჯვებული კერძო კომპანიების მიერ. მერია საკთხთან დაკავშირებულ თავის პირველ საჯარო წერილობით განცხადებაში, მიღებულ აკრძალვას ემიჯნება და ირიბად მხარს უჭერს ლოგიკას – მიკროავტობუსებში გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვა, მართალია, შეიძლება წარმოადგენდეს უფლების ხელყოფას, მაგრამ ასეთი  სანქცირება თავად საზოგადოებისთვის კეთდება, საზოგადოება კი ვალდებულია, მსგავსი ნოვაცია, კრიტიკის გარეშე, მორჩილად  მიიღოს, თუნდაც ფიქრობდეს, რომ საკუთარი უფლების შემზღუდველია.

თბილისის მერიის განმარტებაში ვკითხულობთ: „საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია ყველა კომპანიის რადიომაუწყებლობის შეუფერხებელი ფუნქციონირება და ნებისმიერ მოქალაქეს, სრული შესაძლებლობა გააჩნია, კანონის დაცვით, შეუზღუდავად ისარგებლოს ნებისმიერი რადიომაუწყებლობის მომსახურებით მის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებით, მათ შორის სამგზავრო გადაყვანისას და ამ უფლების რეალიზებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ამასთან, კანონის აღნიშნული მოთხოვნა, არ გულისხმობს კერძო მესაკუთრის ვალდებულებას, მის საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებში სავალდებულო წესით აწარმოოს ინფორმაციის გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე, (მათ შორის, მაგალითად, ტაქსის მძღოლი) ვალდებული უნდა იყოს საინფორმაციო გამოშვების დროს ჩართული ჰქონდეს რადიომიმღები და უზრუნველყოფდეს ყველა საინფორმაციო გამოშვების მოსმენას, თუნდაც ამის სურვილი არ ჰქონდეს.“ (სტილი დაცულია)

თბილისის მერიის აღნიშნული განცხადება მის მიერ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გადაწყვეტილების, ერთი მხრივ, გამართლებას, მეორე მხრივ კი გამიჯვნას წარმოადგენს და ეს განპირობებულია საკითხის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით, რა დროსაც, ერთი–ერთი პოზიციის მკაფიო მხარდაჭერა, შექმნილ საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ვითარებაში, დედაქალაქის მთავრობის მიმართ ნდობის საკითხს გადასინჯავდა.

ამასთან, მერიის განცხადება „მოქმედი კანონმდებლობით არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საშუალება რაიმე სახის ზემოქმედება მოახდინოს კერძო კომპანიის ამ გადაწყვეტილებაზე,“ სამართლებრივ ცოდნას მოკლებულია. „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, თბილისის თვითმმართველობა საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, თბილისის თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება გადაწყვეტილების მიღება ისეთ საკითხზე, რომელიც, კანონის თანახმად, არ განეკუთვნება ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილებას და აკრძალული არ არის თვითმმართველი ერთეულისათვის.

ორივე კანონით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგულაცია ავტოსატრანსპორტო გადაყვანის რეგულირება, კანონით დადგენილი ნებართვების გაცემა და მოსახლეობის სამგზავრო ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება, თბილისის მერიის პირდაპირი მოვალეობაა. ამიტომაც, დედაქალაქის მთავრობის პირდაპირი პასუხსიმგებლობაა კანონით დაკისრებული ვალდებულებები კანონიერებისა და სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით მიიღოს და გასწიოს ზედამხედველობა, რათა კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილებას სწორედ ის კომპანია იღებს, რომლის გამარჯვებაც, მერიამ გამოცხადებულ ტენდერში უზრუნველყო, მასვე ჩააბარა მუნიციპალური ტრანსპორტის მმართვა და კომპანიასთან ერთად, ორმხრივი ხელშეკრულებით, აიღო პასუხისმგებლობა დაიცვას კანონები და მოქალაქეთა კანონიერი ინტერესები.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ შევახსენებთ მერიასაც და კერძო კომპანიის წარმომადგენლებსაც, რომ საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. შპს „თბილისის მიკროავტობუსის“ გადაწყვეტილება თბილისის სამარშრუტო მიკროავტობუსებში აიკრძალოს რადიო–არხების მაუწყებლობა, პირდაპირ არღვევს კონსტიტუციის 24–ე მუხლს, ევროკონვენციის მე–10 მუხლს და გაეროს 1966 წლის პაქტის მე-19 მუხლს. კერძო კომპანიის გადაწყვეტილება გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების სფეროში ფუნდამენტური უფლების შეზღუდვას წარმოადგენს და ლახავს მოქალაქეთა ყველაზე მაღალ სიკეთეს – თავისუფლად, ცენზურის გარეშე მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.

სატრანსპორტო გაერთიანებას არ ჰქონდა უფლება დამოუკიდებელ იურიდიულ პირთან სარეკლამო მომსახურების შესახებ გაეფორმებია ისეთი ხელშეკრულება, რომელიც მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიღების შეზღუდვას გამოიწვევდა. ლოგიკას მოკლებულია განცხადებები, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა აღმოჩნდა, რომ მიკროავტობისებში ხმოვანი სარეკლამო რგოლის ეკრანზე განთავსებას სამარშრუტო ტაქსებში გამოყენებული რადიო საშუალებები უშლის ხელს. საზოგადოებას არ გაცნობია არც დამოუკიდებელ  ექსპერტთა მოსაზრება, რომელიც ტექნიკური შეუსაბამობის შესაძლებლობას დაადასტურებდა. თუკი ტექნიკურად რადიომიმღებსა და სარეკლამო გახმოვანებას შორის არსებობს შეუსაბამობა, აუცილებელია სარეკლამო უზრუნველყოფის ხელშეკრულებაში შევიდეს ცვლილება და მიკროავტობუსებში სარეკლამო რგოლების მგზავრებისთვის მიწოდება მოხდეს მხოლოდ გამოსახულების გარჩევადობის პრინციპის დაცვით.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოვუწოდებთ თბილსიის მერიას მოახდინოს კანონისმიერი რეაგირება შპს „თბილისის მიკროავტობუსის“ გადაწყვეტილებაზე და მხარი დაუჭიროს ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლებას.

თუკი მერია გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების მხარესაა, ხოლო კერძო კომპანია ჯიუტად არ ცვლის მიღებულ გადაწყვეტილებას, თბილისის მთავრობას აქვს უფლება მოახდინოს მუნიციპალურ ტრანსპორტის მმართვასთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა ან შეჩერება.

როცა საკითხი დგება – გამოხატვის თავისუფლების დაცვა თუ კერძო კომპანიის კომერციული ინტერესი, ევროპული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ უპირატესობა გამოხატვის თავისუფლებას ენიჭება. საქართველოში „Must Carry“–ის მიღებამ ცხადყო, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული უნდა იყოს გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება.



კომენტარები