„პაპუაშვილის საქმეზე“ როლანდ ბლადაძის საქმის არსებითი განხილვა სექტემბერში გაიმართება

21 აგვისტო, 2017

საქართველოს უზენაესი სასამართლო სახელმწიფოსთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონების საქმეზე, საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვის საკითხზე, 2017 წლის 4 სექტემბრიდან იმსჯელებს. უზენაესი სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს, კანონის თანახმად, კოლეგიური შემადგენლობით განიხილავს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2017 წლის 1 ივნისს, სასამართლომ როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო. 2017 წლის 1 ივნისს მიღებული კიდევ ერთი განჩინებით - არ დაკმაყოფილდა როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა საქმიდან საქმის განხმილველი მოსამართლეების, მაია ვაჩაძისა და ნუგზარ სხირტლაძის აცილებასთან დაკავშირებით, რასაც მხარის ადვოკატის, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის დასაბუთებული სამართლებრივი პროტესტი მოჰყვა. 2017 წლის 20 ივნისის სასამართლ9ოს განჩინებებით, მაია ვაჩაძემ და ნუგზარ სხირტლაძემ საქმიდან თვითაცილება განაცხადეს. საქმე განმხილველი ახალი პალატისთვის გადაეცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეც, რომელმაც განსაზღვრა ახალი შემადგენლობა - ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძე და პაატა სილაგაძე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 3 თვის ვადაში, საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, იგი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. როლანდ ბლადაძე საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით, აგრეთვე სამართლებრივი დასაბუთებით ასაბუთებს, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საქმე დასაშვებად უნდა სცნოს და არსებითად განიხილოს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ როლანდ ბლადაძის ადვოკატირებას 2014 წლიდან ახორციელებს. ორგნიზაციამ 2015 წელს საქმეზე მოამზადა კვლევა, რითაც საქმე ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას გააცნო. საქმეზე ორგანიზაციას ამჟამადაც ინტენსიური ურთიერთობები აქვს საერთაშორისო და დიპლომატიურ კორპუსთან, ხოლო საქართველოს უზენაესს სასამართლოში საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა მოთხოვნის საფუძველზე, უკვე მოამზადა სპეციალური მოხსენება და მიეწოდათ დაინტერესებულ ინსტიტუციებს, ხოლო საქმეზე მომზადებულმა ფილმა: „სისტემა მოქალაქის წინააღმდეგ“, რომლის პრეზენტაციაც თბილისში, 2017 წლის ივნისში შედგა, დიდი რეზონანსი გამოიწვია.

როლანდ ბლადაძე თავისი სასარჩელო მოთხოვნებით მოითხოვს, ბათილად იქნეს 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური, გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად. საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობაზე მიუთითებს. 



კომენტარები