სასამართლომ „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეს გამოძიების პროცესის ახალი მასალები მტკიცებულების სახით დაურთო

16 აგვისტო, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენლობით, ს.ს. „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ახალი მტკიცებულებები გაიზიარა და საქმეს მტკიცებულების სახით დაურთო. სასამართლომ 2017 წლის 16 აგვისტოს ნაწილობრივ დააკმაყოფილა „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, ს.ს. „ლაზიკა კაპიტალის“ ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის შუამდგომლობა და საქმეს დაერთო საქართველოს მთავარი პროკურატურის 2017 წლის 1 ივნისის, 12 ივლისის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2017 წლის 20 ივნისისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს 2017 წლის 27 ივლისის დოკუმენტური მასალა, რომლებიც ადასტურებენ, რომ საგამოძიებო უწყება მუშაობს კომპანიის წინაშე ჩადენლი დანაშაულის ინტენსიურ გამოძიებაზე, თაღლითობის დახმარების ფაქტზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებულია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა კომპანიის ერთ-ერთი აქციონერის სარჩელი გაუნაწილებელი დივიდენდის გადახდევინებასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ფინანსური დანაშაულის საქმეში 2013 წელს, ახალაღმოჩენილი და ახლად გამოვლენილი გარემოება გახდა 2008 წლის 26 დეკემბრის, 2009 წლის 1 ოქტომბრის, 2010 წლის 15 თებერვლის, 10 მარტის, 11 ივნისის, 3, 4 და 24 აგვისტოს სამსახურეობრივი ელექტრონული მიმოწერის შინაარსი, რაც კომპანიისთვის ტოვებდა გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ იმჟამად ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების მენეჯერი და იმავდროულად, აქციონერი ფლობდა ინფორმაციას და ასევე, დაკავშირებული იყო კომპანიაში ჩადენილ ფინანსურ დანაშაულთან, კომპანიამ 2015 წლის 8 აპრილის საერთო კრებაზე გადაწყვეტილება მიიღო აღნიშნული აქციონერის მიმართ დივიდენდის გამოყოფისა და გაუნაწილებელ დივიდენად მიჩნევის თაობაზე. კომპანიის პოზიციით, საქმეზე სისხლის სამართლებრივი დავის პირობებში, აქციონერის მიმართ წარდგენილი პრეტენზიებისა და საქმეში არსებული სხვა დოკუმენტების ერთობლიობით, კომპანიამ გაატარა აუცილებელი ღონისძიება და ფინანსური ზარალის მოსალოდნელი საფრთხის გათვალისწინებით, დივიდენდის გაუნაწილებლობით, აქციონერის უფლებაში ლეგიტიმური ჩარევა განახორციელა. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე აქციონერმა კრების ოქმი გაასაჩივრა 16 სრული კალენდარული თვისა და 39 კალენდარული დღის შემდეგ - 2016 წლის 17 ნოემბერს, რითაც დარღვეულ იქნა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც ადგენს შემდეგს: „დაუშვებელია პარტნიორთა კრების, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრება შესაბამისი ოქმის შედგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ“. მოცმეულ შემთხვევაში, სარჩელი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წარმოებაში მაინც მიიღო და საქმეზე ხანდაზმულობის ვადები არ დაადგინა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მხარის შუამდგომლობა საქმის განმხილველი მოსამართლეების სრული შემადგენლობის, ინსტანციური პრინციპით აცილებასთან დაკავშირებით. ამასთან, არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა პალატის შემადგენლობიდან ერთ-ერთი მოსამართლის, სიმონ ჩხაიძის აცილების თაობაზე, რომელსაც იმავე მხარეებს შორის იმავე დავის საგანზე, ერთხელ უკვე გააჩნდა მიღებული გადაწყვეტილება და არსებობდა მხარის დასაბუთება საქმის შედეგით დაინტერესებასა და მიკერძოებაში. გარდა ამისა, სასამართლომ საქმიდან ამორიცხა მასალები, როლებიც მოდავე აქციონერის აღიარებით ჩვენებასა და ექსპერტიზის დასკვნას უკავშირდებოდა. პალატამ განმარტა, რომ მათი წარმოდგენა არ მომხდარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ეტაპზე, როდესაც კომპანია აღნიშნავდა, რომ მასალების წარმოდგენის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც ზუგდიდის რაიონული სასამართლო გაცდა დავის საგანს და იმსჯელა იმ საკითხებზეც, რომელიც არ ეხებოდა გასაჩივრებული პარტნიორთა კრების ოქმის ფარგლებს (ორგანიზაცია საქმისწარმოების პროცესში სააპელაციო ეტაპზე ჩაერთო). ამასთან, სასამართლომ საქმეს მტკიცებულების სახით არ დაურთო „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ მომზადებული კვლევა, რომლის თაობაზეც პალატამ აღნიშნა, რომ კვლევა წარმოადგენდა სამართლებრივ შეფასებას და საქმეს „სასამართლოს მეგობრის“ ინსტიტუტის ფარგლებშიც კი ვერ დაერთვებოდა.

ცნობისთვის: ს.ს. „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე სამართალწარმოების პროცესი, ამჟამად ორი მიმართულებით მიმდინარეობს. სამოქალაქო დავაზე - გაუნაწილებელი დივიდენდის მიღებაზე და ფინანსური დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. ორგანიზაციამ მიმდინარე სამართალწარმოების პროცესის შესახებ შუალედური ანგარიში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს უკვე მიაწოდა. ანგარიში და საქმეზე გამოქვეყნებული კვლევის შედეგები მიეწოდათ საქართველოში დიპლომატიურ კორპუსს (ევროკავშირის, აშშ, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, გერმანიის საელჩოებს), ეროვნულ დონეზე მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მათ შორის შემდეგ ორგანიზაციებს: The National Democratic Institute, International Republican Institute, humanrightshouse, FIDH, NHC, HRHF, OMCT და Amnesty International. ამასთან, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქმეზე გამოქვეყნებული კვლევის შედეგები მიაწოდა აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს ეროვნულ ბანკს, ადგილობრივ თვითმმართელობებს და პროფესიულ ორგანიზაციებს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმე მოსამართლეებმა: ირმა პერანიძემ (თავმჯდომარე), სიმონ ჩხაიძემ და მალხაზ ოქროპირაშვილმა განიხილეს. მომდევნო სხდომა სექტემბერში ჩაინიშნება



კომენტარები