„ახალგაზრდა ადვოკატები“ მთავრობას დეცენტრალიზაციის საკითხზე რეკომენდაციათა პაკეტით მიმართავს

19 ივნისი, 2017

ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობას სარეკომედნაციო წინადადებით მიმართავს და ტერიტორიული მოწყობის საკითხებთან მიმართებით, რეფორმის განხორციელების პროცესში, გუბერნატორისა და ტერიტორიულ ერთეულებში, გამგებლის წარმომადგენლების ინსტიტუტების გაუქმებას სთავაზობს. ორგანიზაციის წინადადებები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიმართ, უკვე ოფიციალური წესით დარეგისტრირებულია.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიმართულების ხელმძღვანელის, გიორგი ლაბაძის განცხადებით, ორგანიზაცია იკვლევს და აფასებს ინსტიტუციური რეფორმების პროცესში, სახელმწიფო-ტერიტორიული მოწყობის საკითხებს და წარმოადგენს არსებულ რეალობაზე დაფუძნებულ ხედვებს. საქართველოს მთავრობას რეფორმების განხორციელების პროცესში, საზოგადოების ყველა ჯგუფის შეხედულების მოსმენა და გათვალისწინება მართებს. მისი თქმით, გუბერნატორის ან/და გამგებლის რწმუნებულის ინსტიტუტის დატოვება, რეალური დეცენტრალიზაციის პირობებში, ევროპული ქვეყნების გამოცდილებას ცდება, წარმოადგენს საბჭოთა მმართველობის სტილისთვის დამახასიათებელ ფორმებს და შეიძლება შეფასდეს, როგორც სახელმწიფოს ფინანსების არამიზნობრივად ხარჯვის დაშვებაც.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, „თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო შედგება პროპორციული საარჩევნო სისტემის შედეგად არჩეული 15 წევრისა და შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ყველა თემიდან და ქალაქიდან, რომლებიც შედის ამ თვითმმართველი თემის შემადგენლობაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული თითო წევრისგან.“ აქედან გამომდინარე, თვითმმართველ ერთეულში არსებულ ტერიტორიულ ერთეულებს წარმოადგენენ, როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატები. ეს გვაძლევს დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ რეალურად, შედარებით წვრილ ერთეულებში მცხოვრებ მოქალაქეებს, ადგილობრივ დონეზე, სუბსიდიარობის პრინციპის რეალიზაციისათვის საჭირო წარმომადგენლები ჰყავთ. საკრებულოს დეპუტატის მოვალეობებს შეადგენს, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში არსებული ყველა პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა და მათი გადაჭრის გზების ძიება. მსგავს პრაქტიკას ევროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, ავსტრიაში, შვეიცარიასა თუ შვედეთში ვხვდებით, რომლებიც თავის მხრივ დაყოფილია რეგიონებად, კანტონებად თუ საგრაფოებად, რომლებიც თავის მხრივ იყოფა მუნიციპალიტეტებად. ხსენებული მუნიციპალიტეტები იმართება ადგილობრივ დონეზე არჩეული წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მიერ, რომელთა წევრები, აირჩევიან პირდაპირი გზით, პროპორციული სისტემის შედეგად და იცავენ მთელი მუნიციპალიტეტის ინტერესებს.

ორგანიზაციის შეფასებით, საზღვარგარეთის ქვეყნების აღნიშნული მაგალითების გაზიარების შემთხვევაში, ქართული ტერიტორიული მოწყობა იქნებოდა 2-დონიანი, თუმცა, დღეს სახეზე გვაქვს ორგანიზაციის მესამე დონე, კერძოდ, ყოფილი სოფლის საბჭოები, რომლებსაც დღეს გამგებლის წარმომადგენლობითი ორგანო ჰქვია და სათავეში თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში უდგას გამგებლის მიერ წარგზავნილი და დანიშნული წარმომადგენელი. აქ რამდენიმე დემოკრატიულ მმართველობასთან შეუსაბამო მიდგომასთან გვაქვს საქმე. კერძოდ, პირველ რიგში, მმართველობის ამგვარი მოწესრიგება ზედმეტ ბიუროკრატიულ საფეხურებს ქმნის და მმართველობას კი არ ამარტივებს, არამედ ართულებს. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მმართველობას არ ახორციელებს ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენელი, არამედ გამგებლის მიერ დანიშნული მოხელე, რაც საბჭოთა მანკიერი პრაქტიკის გავლენაა. ცალსახაა, რომ ტერიტორიული ორგანიზაციის ცვლილებაზე საბჭოთა რეჟიმის შემდეგ ძირეულად არავის უზრუნია და სახეზე გვაქვს მოხელეთა კატეგორია, რომელიც ხალხის მიმართ ანგარიშვალდებული არ არის. ბიუროკრატიულ სიძნელეებთან და ანგარიშვალდებულების არარსებობასთან ერთად, მნიშვნელოვანია ის ხარჯები, რაც ყოველწლიურად გაიწევა ამ დანიშვნითი მოხელეების მიმართ. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, ნახსენები ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლობა იმ რაოდენობის ანაზღაურებას იღებს, რომ იმავე ოდენობის თანხით, შეიძლებოდა მომხდარიყო სოფლის მეურნეობის სერიოზული სუბსიდირება და წახალისება. არადა იმავე პირობებში, დემოკრატიულ სამყაროში ასეთ დანიშვნით მოხელეებს არ ვხვდებით, რადგან მმართველობის ეფექტიანობისთვის, მუნიციპალიტეტების არჩეული საკრებულოები, სრულიად საკმარისად არის მიჩნეული.

ორგანიზაცია მონიტორინგის პირობებში გთავაზობთ 15 მუნიციპალიტეტის პრაქტიკას, რომლებშიც მოქმედებს გამგებლის წარმომადგენლობის ინსტიტუტი.

ტერიტორიული ერთეული

ანაზღაურება (გამგებლის წარმომადგენელი)

ანაზღაურება (სპეციალისტი)

თვის ჯამი (ლარი)

წლიური ჯამი (ლარი)

ადიგენი

800 (21)

560 (3)

18,480

221,760

ახალქალაქი

1000 (23)

560 (64)

58,840

706,080

ახმეტა

1000 (15)

 

15,000

180,000

ბაღდათი

1000 (15)

875 (15)

28,125

337,500

ბოლნისი

1185 (15)

 

17,775

213,300

გარდაბანი

1440 (21)

 

30,240

362,880

გორი

810 (22)

 

17,820

213,840

გურჯაანი

1000 (18)

 

18,000

216,000

ზესტაფონი

1000 (19)

650 (42)

46,300

555,600

ზუგდიდი

1300 (48)

 

62,400

748,800

თელავი

970 (22)

 

21,340

256,080

მარნეული

1000 (18)

 

18,000

216,000

ოზურგეთი

1000 (27)

 

27,000

324,000

საჩხერე

1050 (12)

570 (29)

29,130

349,560

ხარაგაული

1000 (20)

 

20,000

240,000

გიორგი ლაბაძის განცხადებით, აღნიშნული სტატისტიკა ცხადყოფს, თუ რამდენად შეუსაბამოა ბიუროკრატიული ხარჯები მხოლოდ გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობისთვის. ამასთან, ორგანიზაციის წინადადებაა, მოხდეს მუნიციპალიტეტების გადიდება, მათთვის მეტი კომპეტენციების გადაცემა, რაც ხელს შეუწყობს დეცენტრალიზაციას და ბიუროკრატიული ხარჯების შეკვეცას. შედეგად, დიდ მუნიციპალიტეტებში მეტი შანსია, რომ მოხდეს კვალიფიციური კადრების დასაქმება და აქედან გამომდინარე, ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის ეფექტიანობის გაზრდაც. ამასთან, დიდ მუნიციპალიტეტს ეკონომიკური განვითარების გაცილებით მაღალი შანსი აქვს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეხედულებით, უნდა გაუქმდეს გუბერნატორის ინსტიტუტიც, ვინაიდან ზედამხედველობითი უფლებამოსილების მქონე ორგანო, დეცენტრალიზაციის პირობებში, არავითარ საჭიროებას აღარ წარმოადგენს. მსგავსი ორგანო საჭიროა მაშინ, თუკი სახელმწიფო არ აღიარებს სუბსიდიარობის პრინციპს და ცდილობს მის აბსოლუტურ ცენტრალიზაციას. ამასთან, სახეზეა გუბერნატორების აპარატის შენახვის საკითხიც. გთავაზობთ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ ხარჯებს, რაც გათვალისწინებულია სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის საქმიანობისათვის სხვადასხვა მხარეში.

მხარე

ადმინისტრაციის წლიური ხარჯი

სამეგრელო–ზემო სვანეთი

800 000 ლ.

გურია

610 000 ლ.

იმერეთი

735 000 ლ.

კახეთი

725 000 ლ.

მცხეთა–მთიანეთი

592 000 ლ.

რაჭა–ლეჩხუმი–ქვემო სვანეთი

585 000 ლ.

სამცხე–ჯავახეთი

595 000 ლ.

ქვემო ქართლი

860 000 ლ.

შიდა ქართლი

625 000 ლ.

სულ

6 127 000 ლ.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, მოყვანილი მაგალითებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეალურად, საქმე გვაქვს რეგიონების მართვასთან დაკავშირებული ფინანსების შეუსაბამო და არაპრიორიტეტულ გადანაწილებასთან. ასევე აღვნიშნავთ, რომ თუკი არ მოხდება თვითმმართველობის მკაცრი რეფორმა, ზემოთხსენებული საკითხების დასტაბილურება არსებულ პირობებში, ფაქტობრივად, შეუძლებელია და საჭიროებს სისტემურ ცვლილებას.



კომენტარები