საქართველოს უზენაესს სასამართლოში „პაპუაშვილის საქმე“ გასაჩივრდა

19 მაისი, 2017

საქართველოს უზენაესს სასამართლოში მთავრობის სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2007-2016 წლებში, გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განჩინება გასაჩივრდა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, როლანდ ბლადაძის ადვოკატის არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება იყო არამხოლოდ დაუსაბუთებელი, არამედ უკანონო. მხარე ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებას და მასთან ერთად, სასამართლოს მიერ მიღებულ საოქმო განკარგულებებს, რომლებმაც როლანდ ბლადაძის საპროცესო თანასწორუფლებიანობა და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა შეზღუდა. უზენაესს სასამართლოში წარდგენილი როლანდ ბლადაძის საჩივარი სრულად პასუხობს ევროკონვენციით, საქართველოს კონსტიტუციით და მოქმედი საპროცესო ნორმებით დადგენილი პრინციპებისა და ღირებულებების დარღვევაზე სწორ სამართლებრვ დასკვნებს და საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია საქმის ფაქტობრივი და იურიდიული გარემოებების მიმართ სრული და ყოველმხრივი ანალიზით. როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნები პასუხობს ევროსასამართლოს და ეროვნულ დონეზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიღებულ სახელმძღვანელო გადაწყვეტილებებს და იმ განმარტებებს, რომელიც იძულების წესით, დანაშაულის ნიშნების არარსებობის პირობებში, სახელმწიფოს მხრიდან ქონების ჩამორთმევისა და კანონსაწინააღმდეგო, ამორალური გარიგებების შინაარს შეესაბამება.

არჩილ კაიკაციშვილის თქმით, როლანდ ბლადაძემ ეროვნულ დონეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საქმის განხილვისას პროცესუალური უფლებების დარღვევის ფონზე, ვერ შეძლო სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა, ვინაიდან ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებმა არ ასახა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების ობიექტურ შეფასება, სადავო გარემოებების მიმართ სწორი სამართლებრივ დასკვნები და ქვემდგომმა სასამართლოებმა განახორციელეს პოლიტიკური მართლმსაჯულება, რაც კონფლიქტში მოდის კანონის უზენაესობისა და სამართლის აღიარებულ პრინციპებთან.

„დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ არამხოლოდ როლანდ ბლადაძეა იმედგაცრუებული, არამედ ყველა, ვისაც ქონებაჩამორთმეულთა საქმეებზე ხელისუფლების სამართლიანი გადაწყვეტილებების იმდი ჰქონდა. როლანდ ბლადაძის საქმე საუკეთესო მაგალითია, თუ რა დამოკიდებულებას იჩენს მთავრობა რეალური დაზარალებულის უფლებების აღდგენის მიმართ. ჩვენ ვასაჩივრებთ პოლიტიკური მართლმსაჯულების პირობებში მიღებულ გადაწყვეტილებებს და გვაქვს სრული იმედი, რომ საქართველოში, სასამართლო სისტემის პროცესზე პასუხისმგებელი რგოლი - საქართველოს უზენაესი სასამართლო, არ დაუშვებს შერჩევით სამართალს. დღეს საკასაციო სასამართლოს პასუხისმგებლობაა, დაიცვას და გადაარჩინოს ერთი მოქალაქის ფეხქვეშ გათილი ღირსება, საკუთრების უფლება, წერიტილი დაუსვას იმ განუკითხაობას, რომელიც როლანდ ბლადაძის საქმეზე, გვქონდა განცდა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს დასრულდა. დღეს სახელმწიფო მისი ეკონომიკის სამინისტროს სახით, გაუგებარია, როგორ უნდა საუბრობდეს სამართლიანის განცდაზე, როდესაც სამინისტრო ამ ერთ საქმეზე განხორციელებული ქმედებებით, საქართველოში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების პატივისცემის ტესტსს ვერ აბარებს. „პაპუაშვილის საქმეზე“ ყველა კითხვა ეკუთვნის აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას. ჩანს, გიორგი პაპუაშვილის არაკეთილსინდისიერება გაცილებით მაღალი ფასისაა სახელმწიფოსთვის, ვიდრე კანონი და თავისუფალი სასამართლო. ამიტომ, საქართველოს უზნაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პრეცედენტის ხარჯზე, სახელმწიფოს და გიორგი პაპუაშვილის უკანონო მოქმედებების წინააღმდეგ, რასაც საქმეში ყველა მტკიცებულება იძლევა. საჭიროა პრინციპული ნება და თქმა იმისა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორუგფლებიანია. საკასაციო სასამართლომ როლანდ ბლადაძის მიმართ 2004 წლიდან დღემდე წარმოებული არასათანადო მოპყრობა, იძულება და ქონებრივი უფლებების ტოტალური შელახვა უნდა დაასრულოს. ეს საქმე საკასაციო სასამართლოს ყველა მოსამართლის ღირსების საკითხია, სასამართლოს მომავალი გადაწყვეტილება კი - სასამართლოს ღირსების საკითხი“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნებია: ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად.

სწორედ წინა ხელისუფლების მმართველობის დროს იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხა, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა. 2013 წელს, როლანდ ბლადაძე აჭარის ა/რ პროკურატურამ უდანაშაულოდ სცნო, თუმცა მთავრობამ ამ დრომდე ვერ შეძლო მოქალაქის მიმართ სამართლიანობის აღდგენა, გიორგი პაპუაშვილის მიმართ ალტერნატიული ფართის შეთავაზება და ჩამორთმეული ქონების როლანდ ბლადაძისთვის დაბრუნება.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიმართ მხარის მოთხოვნაა ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინება და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობაზე და არსებითი განხილვის დაწყებვაზე გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 3 თვის განმავლობაში უნდა მიიღოს.



კომენტარები